Elementor #562

ბამბუკი მცირე აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში გავრცელებული მცენარეა. იგი XIX საუკუნის 70-იან წლებში შემოიტანა საქართველოში ბოტანიკოს ანდრეი კრასნოვის ექსპედიციამ. პირველ ხანებში ყველაზე ნაკლებად რატომღაც ბამბუკი გავრცელდა. თუმცა, ეს მანამდე, ვიდრე მოსახლეობა არ დარწმუნდა, რომ მისგან მეურნეობის ნებისმიერ დარგში შეიძლებოდა სარგებლის მიღება. მერე კი ბამბუკმა აჭარიდან გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში გადაინაცვლა. ასე თანდათან გავრცელდა ჩვენში ბამბუკის 20 სახეობა, მათ შორის, ე.წ. ოქროსფერი ბამბუკიც, რომელსაც მცირე დეკორატიული ნივთების დასამზადებლად იყენებენ.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სახეობად ჩინური და იაპონური “მადაკე” და “მოსო” ითვლება. ეს უკანასკნელი უფრო მსხვილღეროიანია და ხშირად გამოიყენება ავეჯის, პარკეტის დასამზადებლად, “მადაკე” კი უფრო სამშენებლო მასალად იხმარება, – მისგან ხარაჩოები, გუმბათოვანი გადახურვები, კიბის საფეხურები და მრავალი სხვა მზადდება. ბამბუკი იმდენად გამძლეა, ზოგიერთ ქვეყანაში საკანალიზაციო მილებადაც კი იყენებენ,  მისი ნაწარმის სიხისტე 1,7-ჯერ აღემატება მუხისას, ნაკლებაალებადია და მცირეოდენი ქიმიური დამუშავების შემდეგ არ ეკარება მავნებელი, არ უჩნდება სოკო და თითქმის არ ლპება.

ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში, როგორც საუკეთესო საყრდენს.

ზამთარში მეციტრუსეები იყენებენ ციტრუსოვანთა დასაყრდენად, ასევე მისი ჩელტები გამოიყენება ღობეების და დეკორაციული გაზონების მოსაწყობად. მისი მერქნისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი.

უკანასკნელ პერიოდში ბამბუკის ბოჭკოსაგან დამზადებული ანტიალერგიული ქსოვილები (მაისურები, წინდები) ძვირადღირებული და მოთხოვნადია აშშ-ში და ევროპაში. ასევე ბამბუკის მერქნისგან დამზადებული ფქვილი საუკეთესო კომპონენტია მეტალო-პლასტმასის ფილების წარმოებაში. გარდა მერქნისა, მისი ნედლი ღეროები და ფოთლები გამოიყენება საკვებად მეცხოველეობაში.

ბამბუკის ნარგაობა მისი ძლიერი ფესვთა სისტემის გამო საუკეთესო საშუალებაა ფერდობების და ხრამების ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად.